ნარჩენების გავლენა გარემოზე და მისი მართვის გზები
Updated: Apr 3, 2021

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები გადაუჭრელ პრობლემად რჩება მსოფლიოსთვის. ადამიანების მიერ წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენები სერიოზულ საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯამრთელობასა და საცხოვრებელ გარემოს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდათან ერთად იზრდება მოხმარებული პროდუქციის რაოდენობაც და ეს უფრო მეტ ე.წ. „ნაგავს“ აჩენს. პრობლემის გართულებას იწვევს ფაქტი, რომ დღევანდელი „ნაგავის“ მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური წარმოებისაა და არ ექვემდებარება ბუნებრივ კომპონენტებად დაშლას.

ნარჩენები არა მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემაა, არამედ ეკონომიკური ზარალიც არის. სტატისტიკური მონაცემებით საშუალოდ 500 კილოგრამამდე მუნიციპალურ ნარჩენს აწარმოებს თითოეული ადამიანი ევროპაში. დიდი წილი ამ ნარჩენებისა გადამუშავებულია ან კომპოსტირდება დანარჩენი კი იგზავნება ნაგავსაყრელზე. ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნაგავი იტკეპნება, იფარება მიწით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრობლემა მოგვარდა და გარემო გასუფთავდა, მაგრამ გადამალული ნარჩენები სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.
ნარჩენების ნაწილი ლპება, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიყოფა სხვადასხვა მავნე აირი მაგ. მეთანი, ფრეონი, ნახშირორჟანგი, რომელიც ატმოსფეროში გაიფრქვევა. მიწით გადასწორებულ ნაგავსაყრელებზე სადაც დაუხარისხებლადაა ნაგავი გადაყრილი, მუდმივად ჟონავს წვიმის წყალი, რომელიც ბინძურდება იქ არსებული მავნე ნივთიერებებით. დაბინძურებული წვიმის წყალი მდინარეებს ან გრუნტის წყლებს ერევა, რაც, თავის მხრივ მრავალნაირი ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება. პრობლემის მოგვარება შეგვიძლია კომპლექსური მიდგომით და ნარჩენების სწორი მართვით.
რას ნიშნავს 3R ინიციატივა?
2008 წელს იაპონიაშ გაჩნდა იდეა 3R -ის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელის მთავარი მიზანიც ნარჩენების სწორი მართვა იყო. 3R სამი სიტყვის პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს: Reduce - შემცირება, Reuse - ხელახალი გამოყენება, Recycle - გადამუშავება. 3R -ის სლოგანია „ნული ნარჩენი - უდანაკარგო წარმოება“.
შემცირების (Reduce) მთავარი მიზანი საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ნარჩენების შემცირებაა. მისი მიზანია შევიძინო ოპტიმალური რაოდენობის სურსათი თუ საქონელი, რათა ჭარბი ნარჩენების წარმოქმნა არ მოხდეს.
ხელახლა გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე გამოყენებული მეორადი ნივთების ხელახლა გამოყენებას. მაგალითად მინის ბოთლების უკან საწარმოში ჩაბარება მისი ხელახლა გამოყენებისთვის.
გადამუშავება (Recycle) - მეორადი ნივთების ტექნოლოგიური დამუშავება და მიიღება სხვა პროდუქტი. მისი მთავარი უპირატესობა ნედლეულისა თუ რესურსების მოხმარების შემცირებაა, რადგან ხდება უკვე არსებული ნივთის დამუშავება. მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში კანონმდებლობა ავალდებულებს ევროკავშირის მოქალაქეებს ნარჩენები დაახარისხონ 7 ტიპად: ალუმინი, მუყაო, ქაღალდი, მინა, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.

3R - ს კიდევ 2 პრინციპი დაემატა და გახდა კიდევ უფრო სრულყოფილი. აქედან პირველი ენერგიად გარდაქმნაა (Energy Recovery) - რომლის დროსაც ხდება ნარჩენების სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავება და ენერგიის მიღება. ხოლო მეორე პრინციპი განთავსება (Disposal) - გულისხმობს ნარჩენების კონტროლირებად დასაწყობებას.
ნებისმიერი პროდუქტის მისაღებად საჭიროა ნედლეული და ენერგია, რომლის გამომუშავებაც ასევე ბუნებრივი რესურსების ხარჯზე ხდება. ლითონების, ქაღალდის, მინის, პლასტიკის და ორგანული ნარჩენების გადამუშავება კი ამცირებს ნედლეულისა და ენერგიის მოხმარებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკისათვის. ამრიგად, თითოეულ ადამიანს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული, ნარჩენების პრობლემა და საკითხს კომპლექსურად მიუდგეს. წარმოგიდგენთ ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელს:

წყაროები: https://bit.ly/31xgqWP
https://bit.ly/39sXDAa