მჟავე წვიმები
Updated: Apr 3, 2021

კლიმატის ცვლილება გამოიწვია ადამიანთა ყოველდღიურმა საქმიანობამ. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო შედეგს კი მჟავე წვიმები წარმოადგენს.
რა იწვევს მჟავე წვიმებს?

ჩვეულებრივი წვიმის წყალიც სუსტი მჟავური ხსნარია. ეს იმის შედეგია, რომ ატმოსფეროს ბუნებრივი ნივთიერებები, როგორიცაა ნახშირორჟანგი, რეაქციაში შედის .
წვიმის წყალთან. მჟავე წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტი გოგირდმჟავა და აზოტმჟავაა. ის დედამიწაზე თოვლისა და წვიმის ნალექის სახით ხვდება.
ბევრი რეგიონისთვის მჟავური წვიმა გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ეს პროცესი წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. მჟავა წვიმა, თოვლი და ნისლი ამ მოვლენის შემადგენელი ნაწილია. თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობასა და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს.
ეს ნივთიერებები ატმოსფეროში გამოიყოფა საავტომობილო ტრანსპორტის, მეტალურგიული საწარმოების, სითბური ელექტროსადგურების საქმიანობის შედეგად.
მჟავური წვიმების გავლენა დედამიწაზე

მჟავა წვიმები ანადგურებს შენობა-ნაგებობებს, ძეგლებს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს. მათი მოხვედრა ნიადაგში იწვევს ძლიერ მჟავიანობას, რის შედეგადაც ნიადაგიდან გამოიდევნება კალიუმი და კალციუმი. ნიადაგი საკვები ნივთიერებებებით ღარიბდება და მოსავლიანობა მცირდება. მჟავა წვიმების მიწაში ჩაჟონვით იშლება ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ტყვია, ნიკელი და ვერცხლისწყალი. ისინი თხევად მდგომარეობაში გადადის და ჯერ - მიწისქვეშა წყლებში, შემდეგ კი ტბებსა და ოკეანეებში ხვდება. ხოლო წყალში, სადაც მჟავა წვიმები დიდი რაოდენობით მოდის, იხსნება ტოქსიკური ნივთიერებები და მისი სასმელად გამოყენება უმძიმეს დაავადებებს იწვევს.
მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველთა სამყაროზე. მათი გავლენით იშლება ფოთლების დამცავი აპკი - ეპიდერმისი, რაც ზრდის მცენარის დაავადების ალბათობას. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებასაც იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს.

ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.
ზოგჯერ მჟავა წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, ეს პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები ხშირად დიდი მასშტაბით გადაადგილდებიან. მაგალითად, მჟავური წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.
რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

მჟავა წვიმების შესამცირებლად საჭიროა საწვავი ნივთიერება გაიწმინდოს გოგირდისა და აზოტის ნაერთებისგან, ასევე აუცილებელი ღონისძიებაა, ავტომობილის მილზე დამაგრდეს კატალიზატორი, რაც ატმოსფეროში გამონაბოლქვის რაოდენობას შეამცირებს. აგრეთვე უნდა გაიფილტროს ფაბრიკა-ქარხნებიდან გამოყოფილი აირი, რათა ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობის დამაბინძურებელი აირი მოხვდეს. ამ ღონისძიებების გატარება, ბუნებრივია, არც ისე ადვილია, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

წყარო: https://www.epa.gov/acidrain/what-acid-rain